ბათუმის საქმიანი წარსული
საქართველოს სამრეწველო-ეკონომიკურ განვითარებაში უმეტესწილად მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელი იყო მისი გეოგრაფიული და სტრატეგიული მდგომარეობა.
საქართველოს სამრეწველო-ეკონომიკურ განვითარებაში უმეტესწილად მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელი იყო მისი გეოგრაფიული და სტრატეგიული მდგომარეობა. გეოპოლიტიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და სამრეწველო ინტერესები, რომლებიც ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე ყალიბდებოდა კავკასიის რეგიონის ირგვლივ, განსაკუთ- რებულ ეკონომიკურ ღირსებასა და მიმზიდველობას მატებდა საქართველოს.
სწორედ ასეთი ღირებულების მქონე ცენტრად ყალიბდება ბათუმი XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან, როდესაც 1878 წელს ბათუმი პორტო ფრანკოდ გამოცხადდა. ამ პროცესებს, თავს მხრივ, მყარი ნიადაგი მოუმზადა ინდუსტრიული ეპოქის სამრეწველო მოთხოვნილებებმა, რომელთა შორის გამორჩეული ადგილი ეკუთვნის ნავთობს.
1878 წლის შემდგომ ნავთობი და ბათუმი მჭიდროდ დაუკავშირდა ერთმანეთს. ბათუმს შავ ზღვაზე, სევასტოპოლის შემდეგ, ყველაზე ღრმა (მაქსიმალური სიღრმე 58 მ.) და მოხერხებული ნავთსაყუდელი გააჩნდა. 1883 წელს ბათუმი რკინიგზითაც დაუკავშირდა ამიერკავკასიის სარკინიგზო ქსელს; განხორციელდა ნავსადგურის რეკონსტრუქცია; გაიყვანეს ბაქო-ბათუმის ნავთობსადენი (1896-1906). შედეგად, ბათუმი საერთაშორისო მასშტაბის ნავსადგური გახდა.
ბათუმის ტერმინალი დღესაც ნავთობის ექსპორტის უმსხვილესი კარიბჭეა შავ ზღვაზე, ქალაქი კვლავ წარმოადგენს საკვანძო საექსპორტო პუნქტს, საიდანაც ხდება კასპიის ზღვის რეგიონის სწრაფად განვითარებადი საბადოებიდან მოწოდებული ნედლი ნავთობისა დაგადამუშავებული ნავთობპროდუქტების ექსპორტი.
ბათუმის მნიშვნელობა კარგად გაიაზრეს მაშინდელმა მსოფლიოში ცნობილმა საქმოსნებმა და მათი სახელი ბათუმის საქმიანი წარსულის განუყოფლე ნაწილად იქცა.
ამ კონტექსტში პირველ რიგში აღსანიშნავია ძმები ნობელები და როტშილდების საგვარეულო.
,,ძმები ნობელების ნავთობის წარმოების ამხანაგობა” – შემოკლებით ,,ბრანობელი” ჩამოყალიბდა 1879 წელს. ის იყო იმ დროისათვის ყველაზე მსხვილი ნავთობის კომპანია. ბაქოში ნავთობის მოპოვება –გადამუშავება დღის წესრიგში აყენებდა საკუთარი სატრანსპორტო ქსელის: ნავთობსადენების, ტანკერების, ვაგონ-ცისტერნების, ნავთობის ბაზების (მისადგომებითა და რკინიგზის ხაზებით) მშენებლობის აუცილებლობას. კომპანიის ჩამოყალიბების დროისათვის მასში შევიდა ძმები ნობელების მიერ 1870 წლიდან მოპოვებული აქტივები. კომპანიის ზოგიერთი ობიექტი, ასევე ნავთობის რეზერვუარები, დღესაც გამოიყენება.
ბათუმისა და ნობელების ისტორია კი ასე დაიწყო: ლუდვიგ ნობელმა რუსეთის საიმპერიო ხელისუფლებისაგან იარაღის წარმოებაზე მიიღო დიდი შეკვეთა. ლუდვიგმა თავისი ძმა რობერტი მოავლინა კავკასიაში თოფის საკონდახე კაკლის მასალის მოსაძიებლად. ამ მოგზაურობის დროს რობერტ ნობელმა ნახა ბაქოში პრიმიტიული ნავთობმომპოვებელი და გადამამუშავებელი მოწყობილობები და გადაწყვიტა მისი შესყიდვა. მალე ნობელებმა დიდი მთავრის მიხეილის (იმპერატორ ალექსანდრეს ძმა) მხარდაჭერით დაიწყეს აქტიური საქმიანობა.
ნობელებს ეკუთვნით პირველი ნავთობტანკერის იდეა და განხორციელება, ასევე, ბარელის იდეა, რომელიც შემდეგ საზომ ერთეულად იქცა. თავდაპირველად ბაქოს ნავთი გემით ასტრახანამდე მიჰქონდათ, შემდეგ მდინარე ვოლგით ჩრდილოეთის სარკინიგზო კვანძამდე. ეს თავისთავად აძვირებდა პროდუქციას. ამას ემატებოდა ისიც, რომ ბარელის საწარმოებლად ხის მასალა საკმარისი არ იყო და ნობელები იძულებული იყვნენ იგი აშშ-დან შემოეტანათ. ეს კიდევ უფრო ზრდიდა თვითღირებულებას. ამიტომაც იყო, რომ ამერიკული ნავთი თბილისში უფრო იაფი ჯდებოდა, ვიდრე ბაქოსი.
გრაფ ვიტეს მხარდაჭერით, გადაწყდა ცნობილი მეწარმის, ალფონს როტშილდის მიერ კავკასიაში სარკინიგზო არტერიის მშენებლობის დაფინანსების საკითხი. დაიწყო ბაქო-ბათუმის რკინიგზის მშენებლობა, რომელიც 1883 წ. დასრულდა. 1886 წ. ძმებმა როტშილდებმა შექმნეს კასპიის და შავი ზღვის ნავთობის კომპანია და ბათუმში ნობელების პარალელურად ააშენეს ნავთობის გადამამუშავებელი და შესანახი რეზევრუარები. ნობელები ნავთობის ტრანსპორტირებისათვის კვლავ ჩრდილოეთის გზას (ასტრახანის) იყენებდნენ მანამ, სანამ მწყობრში ჩადგებოდა ბაქო-ბათუმის 940 კმ სიგრძის ნავთობსადენი. შესაბამისად იზრდებოდა ნავთობის მოპოვების მასშტაბები.
მილსადენის პროექტი 1906 წლამდე არ დასრულებულა. იგი მსოფლიოში ყველაზე გრძელმანძილიანი მილსადენი იყო (დიამეტრი 200 მმ., სიმძლავრე- 3 მლნ. ტონა წელიწადში, საკომპრესორო სადგურების რაოდენობა – 16), (თვალჭრელიძე, 2009). მილსადენის და რკინიგზის ამოქმედებამ განაპირობა ნავთობის ექსპორტში რუსეთის იმპერიის ხვედრითი წილის ზრდა (აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შევიწროების ხარჯზე), თუმცა, თავად ლუდვიგ ნობელი ასეთ წარმატებას ვერ მოესწრო.
როტშილდის ინტერესები აღმოსავლეთ აზიისკენ იყო მიმართული, სადაც მანამდე მხოლოდ როკფელერების ,,სტანდარტ ოილი” მოქმედებდა. როტშილდი დაუკავშირდა ლონდონელ მეწარმე მარსუკ სამუელს, რომელმაც შეუკვეთა რამდენიმე ტანკერი. ტანკერებს სუეცის გავლით ბაქოს ნავთი ბანგკოკამდე უნდა ჩაეტანა. ეს გზა უფრო მოკლე იყო, ვიდრე ის გზა, რომელსაც იყენებდა ,,სტანდარტ ოილი,”ის ნავთობის ექსპორტირებას ახორციელებდა აფრიკის კეთილი იმედის კონცხის შემოვლით.
ბაქოს ნავთობის ექსპორტირებისათვის ბათუმის მნიშვნელობის ზრდამ ხელი შეუწყო ქალაქის განვითარებას. ბათუმმა მოიზიდა სხვადასხვა ერისა და ეროვნების წარმომადგენელი, რასაც ხელი შეუწყო ქალაქის პორტო-ფრანკოდ გამოცხადებამ.
მონოპოლისტური მისწრაფებები გაუჩნდათ ნობელების, მანთაშევის და სხვა ფირმებს. ასეთი ტენდენციები ცხადი გახდა ბათუმშიც, სადაც დონდუკოვ-კორსაკოვის (ახლ. კ. გამსახურდიას) და ბულვარის (ახლ. ნინოშვილის) ქუჩების კუთხეში #1 საპოლიციო განყოფილების #2 კვარტალში, 415 კვ. საჟენი მიწის ფართობზე განათავსეს ძმები ნობელების ნავთობის მრეწველობის ამხანაგობის ოფისი. მოცემულ მიწის ნაკვეთზე განლაგებული იყო ქვის საძირკველზე დაშენებული ერთ სართულიანი სახლი და ქვის ფლიგელი სამზარეულოთი, საკუჭნაოთი და დამხმარე ნაგებობით. ძმები ნობელების ნავთობის მრეწველობის კანტორის პროექტი თავის დროზე განუხილავს ქუთაისის გუბერნიის სამშენებლო განყოფილებას.
მსხვილი მრეწველების მონოპოლისტურმა ტენდენციებმა სერიოზული დარტყმა მიაყენა წვრილ მეწარმეებს. სწორედ ამიტომ გაჩნდა ანტიმონოპოლისტური კანონის მიღების მოთხოვნა. ნ. ნიკოლაძე აშკარად დაუპირისპირდა ნობელს. ,,რუსეთის საიმპერატორო საზოგადოების” სხდომაზე (1882 წ. 15 ოქტომბერს) ნ. ნიკოლაძემ საჯაროდ განაცხადა, რომ ნობელი გასაქანს არ აძლევდა წვრილ მეწარმეებს და გამოაქვეყნა კიდეც სტატია ამასთან დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნავდა მონოპოლიის მანკიერ მხარეებს და უსამართლოდ მიიჩნევდა მომხმარებლის მიერ მთელი ენერგორესურსების ნობელისაგან მიღებას, მისი აზრით, მონოპოლია გააუარესებდა პროდუქციის ხარისხს, გაზრდიდა ფასს, რითაც დაზარალდებოდა საზოგადოება.
ცხადია, ავტორი ასეთი გამოსვლებით ხელს ვერ შეუშლიდა წარმოების კონცენტრაციის პროცესს. პირიქით, დაიწყო ნობელის წარმოების გაფართოება. ამ მიზნით ნობელებმა გადაწყვიტეს ბათუმში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა და რეზერვუარების განთავსება. აჭარის საარქივო სამმართველოში დაცული მასალებიდან ჩანს, რომ ქარხნის მშენებლობისათვის და რეზერვუარების განთავსებისათვის ნობელის კომპანიამ ბათუმში დაიწყო თავისუფალი ადგილის ძებნა.
როგორც უკვე წაიკითხავდი, ბათუმით მხოლოდ ნობელები არ იყვნენ დაინტერესებული. ისეთი მძლავრი საგვარეულო კლანის თვალთახედვის არეალში, როგორიც როტშილდები იყვნენ XIX საუკუნის მეორე ნახევარში ბაქოს ნავთობი მოექცა, რამაც ბუნებრივად გამოიწვია მათი საქმიანი ინტერესები ბათუმის მიმართაც.
ამ დაინტერესებას მნიშვნელოვანწილად განაპირობებდა როტშილდების კონკურენცია მეორე ებრაულ ფინანსურ კლანთან - ამერიკის შეერთებულ შტატებში დამკვიდრებულ როკფელერებთან. ბაქოს მდიდარი სარეწები დიდ უპირატესობას მოუპოვებდა როტშილდებს, მაგრამ საკმარისი არ იყო მხოლოდ ამ სარეწების ხელში ჩაგდება. ნავთობის ევროპაში გასატანად, რომელიც ნავთობპროდუქტების გასაღების ძირითად ბაზარს წარმოადგენდა, როტშილდებს იაფი და მოხერხებულიგზა სჭირდებოდათ. ბათუმის პორტი თავისი მახასიათებლებით აბსოლუტურად აკმაყოფილებდა ასეთ მოთხოვნებს, მაგრამ იგი ოსმალეთის იმპერიის ფარგლებში იყო მოქცეული. სამრეწველო ინტერესები ითხოვდა, რომ ბათუმი რუსეთის ხელში გადასულიყო.
ამით ბათუმი-ბაქო მათ შორის არსებული სივრცით ერთი ქვეყნის, ამ შემთხვევაში, რუსეთის კუთვნილება გახდებოდა და ბაქოდან ბათუმის გავლით ევროპაში ნავთობის ექსპორტი დაბრკოლებებისა და ზედმეტი დანახარჯების გარეშე განხორციელდებოდა.
აღნიშნული იდეის რეალიზებას რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომმა შეუწყო ხელი, რომელიც სან-სტეფანოს ზავითა და ბათუმის „პორტო ფრანკოდ“ გამოცხადებით დასრულდა.
დასახული მიზნის მიღწევის შემდეგ, როტშილდების პარიზის საბანკო სახლი აქტიურად ჩაება ბაქოს ნავთობის რეწვაში. მილიონობით დოლარის ჩადების შედეგად ბაქო-ბათუმის სარკინიგზო ხაზის დასრულებით, საკუთარი სავაჭრო-სამრეწველო საზოგადოების დაარ- სებითა და ბათუმის საყრდენ პუნქტად გადაქცევით, იგი მტკიცედ დამკვიდრდა ამ სფეროში.
ასე გადაიქცა ბათუმი მნიშვნელოვან საპორტო-სამრეწველო ქალაქად, რითაც დაიბრუნა თავისი მნიშვნელობა, როგორც ძველი აბრეშუმის სავაჭრო გზის ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა კვანმა და დღემდე ინარჩუნებს ქვეყნის ეკონომიკაში თავის უდიდეს მნიშვნელობას.