რელიგიური მრავალფეროვნება: აჭარის ისტორიული და კულტურული სიმდიდრე
კაცობრიობის უძველესი შრეების არქეოლოგიური მონაცემები (არტეფაქტების სახით) და დამწერლობის გამოგონების შემდეგ უკვე სიტყვიერი ტექსტებიც მოწმობენ
კაცობრიობის უძველესი შრეების არქეოლოგიური მონაცემები (არტეფაქტების სახით) და დამწერლობის გამოგონების შემდეგ უკვე სიტყვიერი ტექსტებიც მოწმობენ, რომ რელიგია არსებობდა კაცობრიობის განვითარების ყოველ ეტაპზე და იგი გასდევს კაცობრიობის ისტორიას. რელიგიის განვითარება უმჭიდროესად არის დაკავშირებული ადამიანის სულიერ და ინტელექტუალურ განვითარებასთან.
საქართველოში, მისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ყოველთვის სხვადახვა რელიგიური ტრადიცია და კულტურა ხვდებოდა და კვეთდა ერთმანეთს. ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა ამ ქვეყნის აწმყოსა და წარსულის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია, მაგრამ, ამავდროულად, რელიგიური მრავალფეროვნებაც ისტორიული, კულტურული და სოციალური სიმდიდრეა, რომელსაც საქართველო, მისი გამორჩეული მხარე, აჭარა ფლობს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმი ერთ-ერთი ყველაზე ინტერრელიგიური ქალაქია საქართველოში, სადაც ფართოდ არის წარმოდგენილი სხვადასხვა კონფესიები, თავიანთი საკულტო ნაგებობებითა და მრევლით.
მრავალი წელია, რაც აჭარაში მართლმადიდებელი ქრისტიანები და მუსლიმები ერთ სივრცეში თანაარსებობენ, მათი ყოველდღიური ყოფა ერთმანეთთანაა დაკავშირებული, რამაც გამოიწვია კულტურისა და ტრადიციების შერწყმა და უაღრესად საინტერესო მოდელი შექმნა. ზემო აჭარის სოფლებში, ქრისტიანული და მუსლიმური სალოცავები გვერდი-გვერდ ფუნქციონირებენ და განსხვავებულ ადგილობრივ კოლორიტს ქმნიან.
მართლმადიდებელი ქრისტიანები - ქართველები მოციქულთა ხანიდან ეზიარნენ ქრისტიანულ რელიგიას. ისტორიული ტრადიციით, საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლა და გავრცელება აჭარიდან, კერძოდ, დიდაჭარიდან იწყება და ის ქრისტეს პირველი მოციქულის – ანდრია პირველწოდებულის სახელს უკავშირდება. ამ დროიდან მოყოლებული, აჭარაში აიგო პირველი ეკლესია, აქ იკურთხა პირველი მღვდელი და დიაკვანი.
საბჭოთა იმპერიის რელიგიური პოლიტიკა ყველა რელიგიისა და რწმენისადმი, განსაკუთრებით კი მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ იყო მიმართული. XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისშივე ეკლესიამ დაკარგა იურიდიული სტატუსი. საბჭოთა რეჟიმმა თავისი ანტირელიგიური კამპანიით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოფნა-არყოფნის ზღვარზე მიიყვანა. დამოუკიდებელ საქართველოში, როგორც მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, მოხდა რელიგიურობისაკენ შემობრუნება. მართლმადიდებელი ეკლესიის სამართლებრივი საფუძვლების განმტკიცების შედეგად ამჟამად აჭარაში ბევრი ძველი ტაძარი თუ ნატაძრალი ადგილი დაუბრუნდა ეკლესიას.
სომეხი გრიგორიანელები - აჭარაში სომხების, ისევე როგორც სხვა ეთნიკურ უმცირესობათა დამკვიდრება ძირითადად რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომსა და ომის შემდგომ პერიოდთან არის დაკავშირებული. თუმცა, ზოგი ცნობით, მათი მცირე ნაწილი ომამდეც დასახლებულა. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ სომხებს ბათუმში ჰქონდათ საკუთარი სომხურ-გრიგორიანული სალოცავი, რომელიც 1873 წელს აშენდა და რომელშიც საბჭოთა კავშირის არსებობის დროს პლანეტარიმი ფუნქციონირებდა. სომხები ძირითადად ცხოვრობდნენ ბათუმსა და მის შემოგარენში. მათი უმრავლესობა გრიგორიანელთა რელიგიურ საზოგადოებას შეადგენდა და ამიტომ მათ სომეხი გრიგორიანელები ეწოდათ. დღეს აჭარაში მოქმედებს ერთი სომხური გრიგორიანული სამოციქულო ეკლესია, რომელიც ექვემდებარება თბილისში მოქმედ სომხური ეკლესიის ეპარქიას და მას სომეხი ეპისკოპოსი მართავს. მისი კათედრა თბილისში, წმ. გიორგის ეკლესიაში ფუნქციონირებს.
კათოლიკეები - საქართველოში კათოლიკე მისიონერთა მოღვაწეობა XVII საუკუნიდან აღინიშნება. აჭარაში კი ეს პროცესი რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომის შემდეგ დაიწყო. ბათუმისა და მისი შემოგარენის სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობის ზრდის შედეგად ეთნიკურ უმცირესობათა მიზიდვის პარალელურად აქ ეთნოკონფესიური ჯგუფებიც მომრავლდა. ამის შედეგად გავრცელდა ქრისტიანული რელიგიის სხვა მიმდინარეობაც, კერძოდ, კათოლიციზმი, რომელიც წარმოდგენილი იყო რომაულ-კათოლიკური და სომხურ-კათოლიკური ეკლესიებით. მათ შერეულ სამრევლოებში მორწმუნეთა უმრავლესობას ქართველები შეადგენდნენ.
მუსლიმები - აჭარაში ისლამის გავრცელება XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან, ოსმალეთის მიერ აჭარის დაპყრობის შემდეგ იწყება და სხვადასხვა სოციალურ-პოლიტიკური მიზეზებით, არათანაბარი ინტენსივობით ვითარდებოდა.
1563 წლიდან, როცა ადგილობრივმა მმართველებმა მიიღეს ისლამი, აჭარა დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ ერთეულად შევიდა ოსმალეთის იმპერიაში. ისლამის გავრცელებას აჭარაში ხელს უწყობდა მიწათმფლობელობის ფორმების, სოციალური და საგადასახადო სისტემის, სამხედრო-ადმინისტრაციული მმართველობის თავისებურებანი. აჭარაში ისლამი ეტაპობრივად ვრცელდებოდა – იგი ჯერ ლაზეთში, შემდეგ ჭოროხისა და აჭარისწყლის ხეობებში, ბოლოს კი ქობულეთში გავრცელდა. ეს პროცესი განსაკუთრებით XIX საუკუნიდან ღებულობს ინტენსიურ ხასიათს. ამ პერიოდში აჭარაში შენდება მეჩეთები და სასულიერო სასწავლებლები. ოსმალეთის მმართველობის ბოლო წლებში ადგილობრივ მუსლიმთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა სხვადასხვა მიზეზით მშობლიური მხარე დატოვა და საცხოვრებლად ოსმალეთის იმპერიის სხვადსხვა კუთხეში გადასახლდა. ეს პროცესი მუჰაჯირობის სახელითაა ცნობილი. აჭარაში 2010 წლის მონაცემებით მოქმედებს 184 სხვადასხვა ტიპის მუსლიმური ნაგებობა, მათ შორის 119 მეჩეთი.
იუდეველები - იუდაიზმის წარმოშობა უშუალოდაა დაკავშირებული ებრაელი ხალხის ისტორიასთან, უძველეს რწმენა-წარმოდგენებთან და მითიურ გადმოცემებთან, რომელიც ამ რელიგიის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. იუდაიზმისათვის დამახასიათებელია ერთადერთი ღმერთის იაჰვეს რწმენა, იუდეველთა ღვთისმიერი გამორჩეულობა და მესიის რწმენა, რომელიც მათ მიიყვანს აღთქმულ მიწამდე, ასევე სპეციფიკური კულტი.
გამორჩეულობის მიზნით უფალი აბრამისა და მისი შთამომავლებისაგან, ე.ი. ებრაელთაგან, მოითხოვდა წინდაცვეთის წესის აუცილებელ შესრულებას. აღნიშნულ დოგმათა ჩამოყალიბებამდე ებრაელებმა რთული და ხანგრძლივი გზა განვლეს. იუდეის სახელმწიფოს განადგურებას მოჰყვა ებრაელთა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიგრაციის ახალი ტალღა. რომლის ერთი ნაკადი საქართველოს მიწა-წყალზე მეორედ დამკვიდრდა.
ისინი ადგილობრივ მოსახლეობასთან, საუკუნეების განმავლობაში, სავაჭრო, სამეურნეო-კულტურულ ურთიერთობაში იყვნენ. ამ კონტაქტის შედეგად განიცადეს ენობრივიასიმილაცია, მაგრამ მტკიცედ შეინარჩუნეს რელიგიური თვითმყოფადობა, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ევროპაში იუდაიზმის ცალკეული დოგმების ახლებურად ინტერპრეტაციის ცდები იყო. იუდაიზმის ჩამოყალიბებაზე გავლენა მოახდინა ელინიზმის, ნეოპლატონიზმისა და არისტოტელეს იდეებმა, თავის მხრივ, ამ რელიგიამ დიდი გავლენა იქონია ქრისტიანობასა და ისლამზე.
უკეთ რომ მიხვდეთ, როგორია რელიგიური ტოლერანტობა აჭარაში ის ფაქტიც საკმარისია, რომ ოჯახების უმეტესობაში ორივე რელიგიის (ქრისტიანები და მუსლიმები) წარმომადგენლები არიან. ისინი აღნიშნავენ როგორც აღდგომას, ასევე ბაირამს და გარდაცვლილების საფლავებზეც კი ორივე დღესასწაულის დროს მიდიან. ოჯახებში მზადდება ორივე რელიგიისთვის დამახასიათებელი სადღესასწაულო სუფრაც.