საქმიანი ტურიზმი

“თაფლის ხილვა” - ჯარას სკა

აჭარა ერთ-ერთი ყველაზე ავთენტური რეგიონია საქართველოში. მხარე, რომელმაც ყოფა-ცხოვრების მრავალი ტრადიცია

თაფლის ამოღება 3.jpg

აჭარა ერთ-ერთი ყველაზე ავთენტური რეგიონია საქართველოში. მხარე, რომელმაც ყოფა-ცხოვრების მრავალი ტრადიცია, მათ შორის სოფლის მეურნეობის უძველესი დარგები უცვლელად შემოინახა, ინარჩუნებს და ავითარებს. აქ ნახავ ისეთ უნიკალურ ტრადიციებს, რომელსაც არა მხოლოდ საქართველოში, მთელს მსოფლიოშიც შეიძლება იშვიათად შეხვდე და გაეცნო. ასეთია მეფუტკრეობა და ქართული ტრადიციული სკა- ჯარა.

სოფლის მეურნეობის ამ უძველესი დარგის ისტორია საქართველოში მჭიდროდაა დაკავშირებული ერის ისტორიასთან. ისტორიული წყაროებიდან დადგენილია, რომ ქართველებში შინაურ მეფუტკრეობას ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში იცნობდნენ და დიდი რაოდენობით აწარმოებდნენ თაფლს, ცვილს, დინდგელს. მეფუტკრეობა ძველი კოლხეთის მოსახლეობის ერთ-ერთ ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა. მშვენიერი ტყეებით დაფარული ძველი კოლხეთი ერთ-ერთი იმ მხარეთაგანია, სადაც ფუტკარი კარგად იყო მომრავლებული. აქ საუკეთესო ხარისხის თაფლი მზადდებოდა.

ჯარა კი ქართული ტრადიციული სკაა, რომელიც ფუტკრის მოშინაურების მიზნით, საქართველოში უძველესი დროიდან გამოიყენება. ზუსტი მტკიცებულება, თუ როდის გაჩნდა ჯარა საქართველოში, არ არსებობს. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემის მიხედვით, უძველესმა მკვიდრებმა ფუტკრები ხის ფუღუროებში აღმოაჩინეს და იმ ადგილს ტყეში „ხე-ფუტკარა,“ „თაფლის ხე“ უწოდეს. მოგვიანებით მოსახლეობა მიხვდა, რომ მათაც შეეძლოთ  ხეების ანალოგიურად „თაფლის ხეებად“ გარდაქმნა. ისინი აგროვებდნენ გარეული ფუტკრის ნაყარს და სპეციალურად ორ ნაწილად გაჭრილი და გულამოთლილი ხის მორის შუაგულში ათავსებდნენ. შემდეგ დამზადებულ ხის მორებს ხეებზე, დათვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ალაგებდნენ. სწორედ ამ ხის მორებს უწოდებდნენ ჯარას.

ჯარას თაფლი უნიკალური და მაღალი ხარისხის ორგანული პროდუქტია. დღეს მეფუტკრეობის მსგავსი სახეობა იშვიათია და მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ადგილასაა შემორჩენილი. მაღალმთიანი აჭარა ამ მხრივ გამორჩეულია. 
ადრე ფუტკრებიან ჯარას მაღალი ხის ტოტებზე, მოუწვდომელ ადგილას ან კლდეზე ათავსებდნენ. ასეთ დროს ადამიანი ნაკლებად ერეოდა ფუტკრის საქმიანობაში და თაფლიც, დღევანდელი სკისგან განსხვავებით, უფრო ბუნებრივი გამოდიოდა. სოფლის მეურნეობის განვითარებასთან ერთად, ტყესთან კავშირი შესუსტდა. 

ამიტომაც, ადგილობრივმა მეფუტკრეებმა ჯარას სკების მოთავსება საკუთარ სახლებთან ახლომდებარე ბაღებში დაიწყეს, რამაც მათ ნაყარის სწრაფი შეგროვების, საფუტკრის გაფართოებისა და პროდუქტიულობის გაზრდის შესაძლებლობა მისცა; ეს სწორედ ის ადგილებია, სადაც დღესდღეობით ჯარას სკების ნახვა შეიძლება. მაღალმთიანეთში მცხოვრები მეფუტკრეები ჯარას სკებს სპეციალურად დამზადებულ ხის საფარში ათავსებენ ზამთრის მკაცრი პირობებისგან დასაცავად.

რადგან ჯარას სკებში ფუტკრის მოვლა განეკუთვნება უმართავ მეფუტკრეობას, მეფუტკრისგან დიდ ყურადღებას და გამოცდილებას მოითხოვს.
ჯარები უნდა გაიხსნას კარგ ამინდში, როდესაც გარემო ტემპერატურა 10°C-ს აღემატება. მეფუტკრემ უნდა გაასუფთაოს სკის ძირი ჩამოცვენილი ფიჭისა და სხვადასხვა ნარჩენებისგან.

ჯარადან თაფლის ამოღება, „თაფლის ხილვა“ ხდება ივლისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის ბოლომდე.  
თუ აჭარაში იმ დროს მოგზაურობ, როდესაც სკებიდან თაფლს იღებენ და პროცესში მონაწილეობას გადაწყვეტ აუცილებლად უნდა იცოდე შემდეგი წესები: თაფლის ამოღებამდე აუცილებლად უნდა მოხდეს ფიჭების დათვალიერება, შეფასება. 

ფიჭები უნდა იყოს გადაბეჭდილი, არ უნდა შეიმჩნეოდეს ჩრჩილი, მატლი ან სხვა მწერი. თაფლის ამოღება უნდა მოხდეს სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის მოთხოვნების დაცვით, რაც გულისხმობს შემდეგს: მეფუტკრეს უნდა ჰქონდეს სუფთა ხელები; ეკეთოს ხელთათმანი; უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ბუნებრივი შესაბოლებელი საშუალებები (მაგ: გამხმარი სიმინდის ტარო); ფიჭების ამოღება უნდა მოხდეს უჟანგავი დანით. ამოღებული ფიჭები უნდა მოთავსდეს მხოლოდ სურსათისთვის დასაშვებ ჭურჭელში. 

თაფლის ამოღების შემდეგ აუცილებლად უნდა მოხდეს ჯარების მექანიკური დასუფთავება, ჯარაში ჩამოცვენილი ფიჭის ნარჩენების ამოღება. დაუშვებელია ჯარას თაფლის გაფილტრვა, პასტერიზება ან ჰომოგენიზება; მისი რეალიზება შეიძლება როგორც ფიჭიანი თაფლის სახით, ასევე – გამოწურული. ჯარას თაფლის ერთ-ერთი უპირატესობა ფუტკრის მიერ ბუნებრივად დამზადებული ფიჭაა.

ჯარას თაფლი, გამოირჩევა განსაკუთრებული თვისებებით და ნატურალურობით, რადგან მისი მიღების პროცესში ადამიანის ჩარევა მინიმალურია და სრულიად მინდობილია ფუტკრებზე. ჯარას თაფლის თვისებები ასევე გამომდინარეობს ნატურალური ცვილის ჭურჭლებიდან (ფიჭებიდან), რასაც ფუტკარი მისი შეხედულებით აშენებს და რაშიც ინახავს თაფლს. ეს განასხვავებს ჯარას სხვა მართული მეფუტკრეობის მიმდინარეობებიდან, სადაც მეფუტკრე კარნახობს ფუტკარს თუ სად, რა და რამდენი ჩარჩო ფიჭა ააშენოს.

 

გალერია

თაფლის ამოღება 6.jpgთაფლის ამოღება 4.jpgთაფლის ამოღება 2.jpgთაფლის ამოღება 1.jpg

გაზიარება