ჩანჩქერები
ძნელია ზუსტად ახსნა, თუ რატომ არის ჩანჩქერები ასეთი მომხიბლავი, მაგრამ ვერავინ დარჩება გულგრილი მათი ეფექტის მიმართ.
ძნელია ზუსტად ახსნა, თუ რატომ არის ჩანჩქერები ასეთი მომხიბლავი, მაგრამ ვერავინ დარჩება გულგრილი მათი ეფექტის მიმართ. ისინი ლიდერობენ მოგზაურთა სიაში, რომლებიც ყოველწლიურად ათასობით კილომეტრს გადიან დედამიწაზე, რათა შეესწრონ წყლის მაგნიტური ძალით ვარდნას, რომელიც კლდის კიდეზე იღვრება და ქვევით დედამიწაზე ეცემა. ჩანჩქერებით გამორჩეულია აჭარის რეგიონი, სადაც არა ერთ გამორჩულ და ულამაზეს ჩანჩქერს ნახავ.
მახუნცეთის ჩანჩქერი, რომელიც ბათუმიდან 30 კმ-ითაა დაშორებული, არის აჭარის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჩანჩქერი და ადგილობრივი მოსახლეობის ნამდვილი სიამაყეა. ჩანჩქერამდე ბათუმიდან შეგიძლიათ მიხვიდეთ ნებისმიერი მიკროავტობუსით, რომელიც მიდის სოფელ ქედის მიმართულებით. გზას დაახლოებით 30 წუთი დასჭირდება, შემდეგ კი ცენტრალურ მაგისტრალზე გადმოსვლა მოგიწევთ.
სხვათა შორის, საჭირო ადგილას ჩამოსვლისას დაინახავთ ორ მაჩვენებელს, ერთს ჩანჩქერისკენ, მეორეს კი თამარ მეფის დროს აშენებული ცნობილი ქვის ხიდისკენ. მახუნცეთისკენ მიმავალ გზაზე წყლის სასიამოვნო ხმაური ისმის და რამდენიმე წუთში იქმნება წარმოუდგენელი სანახაობა. ზაფხულში მსურველებს შეუძლიათ ჩანჩქერის ქვეშ ბანაობა. აქვეა განლაგებული რესტორნის ტიპის კვების ობიექტები და საპიკნიკე ადგილები. ჩანჩქერის სიმაღლე 36 მეტრია.
წაბლნარის ჩანჩქერი მტირალას ეროვნული პარკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. ჩანჩქერის იმაღლე 28 მეტრს აღემატება. ტურისტული მარშრუტი საფეხმავლოა და შემეცნებით-გასართობი დანიშნულლებისაა. ის აერთიანებს ორ მნიშვნელოვან ადგილს - ჩანჩქერსა და ტბას. ბილიკს მომხიბვლელს ხდის ქვეტყე, რომელიც შედგენილია წყავით, კოლხური ბზითა და სხვადასხვა სახის სუროთი.
ჩანჩქერამდე მისასვლელი ბილიკი მიუყვება მდინარე ჩაქვისწყლის ულამაზეს ხეობას. ვიზიტორთა ცენტრიდან 2 კმ-შია კოლხურ ბზასა და სუროში ჩაფლული ჩანჩქერი. აქვე ველური ბუნების წიაღში მოწყობილია სპეციალური საკემპინგე ადგილი. ჩანჩქერიდან 1 კმ-ის დაშორებით, კლდეებს შორის, მოედინება მდინარე, რომელიც ქმნის მორევს. აქ მრავლადაა კალმახი. მდინარის ნაპირას არის საპიკნიკე და ცეცხლის დასანთები ადგილები.
მერისის ჩანჩქერი 30 მეტრის სიმაღლის ჩანჩქერი მდებარეობს აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ მერისში. ის ქედიდან 13 კილომეტრითაა დაშორებული. გზის ბოლოდან ჩანჩქერამდე მისასვლელად უნდა გაიაროთ როდოდენდრონებს შორის გამავალი ვიწრო საფეხმავლო ბილიკი, რომლის სიგრძე დაახლოებით 100 მეტრია. ჩანჩქერი წყალუხვია და შესაძლებელია ბანაობაც.აქვეა ხის ქოხები, სადაც შეიძლება პიკნიკი მოაწყოთ.
მეძიბნას ჩანჩქერი ან როგორც მას ადგილობრივები უწოდებენ „გოდერძის ჩანჩქერი“, ქედის მუნიციპალიტეტში, ცენტრიდან 10 კილომეტრში მდებარეობს. მისი სიმაღლე დაახლოებით 30 მეტრია. ჩანჩქერის უკან კლდეში არის ბუნებრივი გამოქვაბული, სადაც 10-მდე ადამიანს შეუძლია მოთავსება. გზის ბოლოდან ჩანჩქერამდე ფეხით გასავლელი მანძილი 500 მეტრია. უზარმაზარი მთებიდან მომდინარე ჩანჩქერი იმდენად ძლიერია, რომ დიდი სიფრთხილეა საჭირო თუ ჩანჩქერის ბუნებრივ აუზში ცურვას გადაწყვეტთ.
მირვეთის ჩანჩქერი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ მირვეთში აჭარისწყლის თემში, მდინარე ჭოროხის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 60 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ის ბათუმიდან 19 კილომეტრითაა დაშორებული.მთავარი გზიდან მოჩანს შუა საუკუნეების (XII ს) ქვის თაღოვანი ხიდი, რომლის სიგრძეც დაახლოებით 20 მეტრია, სიმაღლე – 6 მეტრი. ხიდი გადაკვეთეთ ფეხით, გადაიღეთ რამდენიმე სურათი და გაემართეთ ჩანჩქერისკენ.
მირვეთის ჩანჩქერის ვარდნის სიმაღლე 20 მეტრია.მირვეთი მდინარე ჭოროხის ნაპირებზე მდებარეობს და აჭარის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია. აქ ზღვისა და მთის ჰაერი ერთმანეთს ერევა, სოფელი გარშემორტყმულია. ულამაზესი მწვანე ხეობით. აქ ხარობს კოლხური ბზაც, რომელიც გადაშენების პირას მყოფი მცენარეა და წითელ წიგნშია შეტანილი. სოფელში, ჩანჩქერთან მოწყობილია საპიკნიკე ადგილიც.
ტყუპი ჩანჩქერი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა ქოქოლეთის აღმოსავლეთით, მაჭახელას ეროვნულ პარკში, ზღვის დონიდან 735 მეტრზე მდებარეობს და გარშემორტყმულია შერეული, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეებით. 47 მეტრის სიმაღლიდან ეშვება ორი ჩანჩქერი, რომელიც განსხვავებულ და ლამაზ გარემოს ქმნის. ჩანჩქერთან მიდის ბილიკი, რომელზეც ნებისმიერ მსურველს შეუძლია გადაადგილება. ბილიკის ბოლოს კი მოწყობილია საპიკნიკე სივრცე.
დანდალოს ჩანჩქერი ამავე სახელწოდების სოფელში, ქედის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ჩანჩქერის ვარდნის სიმაღლე 40 მეტრამდეა და ულამაზეს სანახაობას ქმნის. აქ მისასვლელად 400 მეტრის სიგრძის, გარემოსთან ადაპტირებული, ხის მოაჯირებითა და კიბეებით მოწყობილი ბილიკის გავლა დაგჭირდებათ. დანდალოს ჩანჩქერი სილამაზითა და წყლის კარგი ვარდნით გამორჩეულია. აქ მოგზაურობისას აუცილებლად მოინახულე შუა საუკუნეებში აგებული თაღოვანი ხიდი და კავიანის ციხე.
უჩხოს ჩანჩქერი ხულოში, პატარა სოფელ უჩხოში მდებარეობს. აქ 350-მდე მოსახლე ცხოვრობს. თავად სოფელი ზღვის დონიდან 1120 მეტრზე მდებარეობს და მდინარე უჩხოს წყლის ნაპირებზეა გაშენებული. რამდენიმე წლის წინ აღმოჩნდა, რომ ამ პატარა სოფელს ფასდაუდებელი ბუნებრივი სიმდიდრე აქვს: 12 ჩანჩქერის კასკადი, რომლებიც თვალსმიფარებულ ხეობაში მოჩქეფს. ასეთ ჩანჩქერებზე მთელ მსოფლიოში კანიონინგის ტურებს აწყობენ. უჩხოს ჩანჩქერებიც იდეალური ადგილია კანიონინგისთვის.
თუ გსურს დატკბე აჭარის ჩანჩქერებითთ, საუკეთესო დრო ამისთვის გაზაფხულის ბოლოდან შემოდგომის შუა რიცხვებამდეა. ამ დროს ამინდი ჩანჩქერების ქვეშ „შხაპის მიღების“ საშუალებასაც კი მოგცემს.