საქმიანი ტურიზმი

ბათუმი “City-Breaks”

velo.jpg

წელიწადის ნებისმიერ დროს, შესაძლებლობა გაქვს დაესწრო მრავალფეროვან ღონისძიებებსა და ფესტივალებს ან გაისეირნო იახტით შავ ზღვაზე. ბათუმის უნიკალური და გასაოცარი სანახაობების თანხვედრის საუკეთესო ადგილია, სადაც კულტურის, სამზარეულოს, ღამის ცხოვრებისა თუ სხვა აქტივობების აღმოჩენის საშუალებას იძლევა.

Park Batumi.jpg

ევროპის მოედანი

ევროპის მოედანი მდებარეობს ქალაქის ცენტრში და წარმოაჩენს არქიტექტურის ეკლექტურ ნაზავს, ქანდაკებებით, პალმებით და ასტრონომიული საათით. მოედანი გარსშემორტყმულია ფერადი და დეკორატული შენობებით, როგორც ისტორიული, ასევე თანამედროვე. აქ განთავსებულია, ყველაზე მნიშვნელოვანი კოლხი “მედეას” ქანდაკება ოქროს საწმისით ხელში.

არგონავტების მითი მოგვითხრობს უძველეს კოლხეთის ცივილიზაციაზე, რომელიც დღევანდელი დასავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილს მოიცავდა. მედეა კი სწორედ ამ კოლხეთის სამეფოს მეფის, აიეტის ასული იყო. ის დაეხმარა არგონავტების მითის მთავარ გმირს იასონს, რომ გაეტაცა თავისი ხალხის კეთილდღეობის გარანტი და თილისმა – ოქროს ვერძი. კოლხი მედეას ქანდაკება ოქროს ვერძით, არის სიმდიდრის, კეთილდღეობის და საქართველოს ევროპულ სამყაროსთან კავშირის სიმბოლო.

ანბანის კოშკი

საოცრებათა პარკში, ბათუმის ბულვარის სანაპიროს პირველ ზოლში, თანამედროვე არქიტექტურის მქონე კულტურული ღირსშესანიშნაობა „ანბანის კოშკი“ დგას, რომელზეც გამოსახულია ქართული ანბანის 33 ასო. ქართული ანბანი მსოფლიოში უნიკალურია და ატარებს იუნესკოს „UNESCO”-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს.

130 მეტრი სიმაღლის კოშკზე, გამოსახულია ქართული ანბანის 33 ასო, დნმ-ის სტრუქტურული მოდელის ანალოგიურია და ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე არქიტექტურული შენობაა. ამ კოშკიდან ქალაქის ხედების დათვალიერებას საუკეთესოდ შეძლებთ. კოშკის წვერში მოწყობილია მბრუნავი პანორამული რესტორანი და ობსერვატორია. პანორამული რესტორანი 360 გრადუსით ბრუნავს და ერთი საათის განმავლობაში სტუმრებს ბათუმის ხედების დათვალიერების საშუალებას აძლევს. ანბანის კოშკში ვიზიტი საინტერესოა, როგორც დღისით ასევე ღამით, შესანიშნავი სანახავია მზის ჩასვლა და ზღვის ხედები, ხოლო საღამოთი განათებული ბათუმი. ანბანის კოშკი 2011 წელს აიგო, კოშკის არქიტექტორი არის ალბერტო დომინგო კაბო.

ალი და ნინო

8 მეტრის სიმაღლის, ქალისა და ვაჟის, ალისა და ნინოს მოძრავი სკულპტურული კომპოზიციის ბათუმის ბულვარისა და საქართველოს, შავი ზღვის კურორტის, ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. ქანდაკება ცნობილი ქართველი მხატვრისა და მოქანდაკის, თამარ კვესიტაძის საავტორო ნამუშევარია. ძეგლი ცნობილი აზერბაიჯანელი მწერლის ყურბან საიდის რომან „ალი და ნინო“-ს სახელს ატარებს. რომანი მოგვითხრობს, აზერბაიჯანელი ალი შირვაშირისა და ქართველი ქრისტიანის, ნინო ყიფიანის სიყვარულზე. წიგნში მოთხრობილი მოვლენები ვითარდება კავკასიაში პირველი მსოფლიო ომის დროს. „ალი და ნინო“-ს ქანდაკება 2010 წელს შეიქმნა და მათი შერწყმა ყოველ 10 წუთში ხდება.  მოძრავი სკულპტურები კი, სიყვარულის სიმბოლოს წარმოადგენს.

პანორამული ბორბალი

თუ ხედებით ტკბობა გიტაცებთ, მაშინ ქალაქის დასათვალიერებლად რამენიმე გზა არსებობს. ერთი წრის გაკეთებას ბორბალი დაახლოებით 10 წუთს ანდომებს. ღამით განსაკუთრებით დაგატკბობთ ათასფრად განათებული ბათუმის მშვენიერება. 55 მეტრი სიმაღლის პანორამული ბორბალი არის ერთერთი ყველაზე კარგი საშუალება ბათუმის ულამაზესი ხედებისა და შენობების დასათვალიერებლად და აღსაქმელად.

ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ბათუმის გამორჩეულობა იმაშია, რომ სწრაფი ურბანული განაშენიანების მიუხედავად, ბუნებასთან მჭიდროდაა დაკავშირებული და ამის მაგალითია ბათუმის ბოტანიკური ბაღი. ბათუმს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხვოვანი და უნიკალური მცენარეებით სავსე ბოტანიკური ბაღი აქვს. მნახველებისთვის ბაღი, სადაც ახლა ტროპიკული და სუბტროპიკული მცენარეების იშვიათი სახეობები იზრდება, 1912 წელს გაიხსნა და ყოველწლიურად ათასობით დამსვენებელსა და სტუმარს მასპინძლობს.

როდესაც გეტყვიან, რომ აქ მსოფლიოს ნახავთ, დაუჯერეთ, რადგან ბაღის ფლორისტული სიმდიდრე, მცენარეთა წარმოშობის მიხედვით 9 ფიტო-გეოგრაფიულ განყოფილებაშია თავმოყრილი, ესენია: აღმოსავლეთ აზიის, ჩრდილოეთი ამერიკის, ახალი ზელანდიის, სამხრეთი ამერიკის, ჰიმალაის, მექსიკის, ავსტრალიის, ხმელთაშუაზღვის ანუ ევროპული და ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების განყოფილება. ბაღი ასევე მოიცავს ზედა, ქვედა და ზღვისპირა პარკებს, საცდელ და საკოლექციო ნაკვეთებს, სათბურებს და ორანჟერეებს ტროპიკული მცენარეებისათვის. ცალკეულ ნაკვეთებზე გაშენებულია ციტრუსების, იაპონური ხურმის, ფეიჰოას, ტუნგის, იაპონური წაბლის, მუხების, კაკლოვნების, მაგნოლიების, ნეკერჩხლებისა და სხვათა პლანტაციები და ნარგაობები.

აჭარის მუზეუმები

აჭარის ისტორიის უკეთ გასაცნობად კი, აუცილებლად ეწვიე მუზეუმებს, რომლებიც წარმოადგენს კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებს. აჭარის მუზეუმების გაერთიანების შემადგენლობაში შედის: ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი, ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიური მუზეუმი, მემედ აბაშიძის სახელობის სახ-მუზეუმი, რელიგიის მუზეუმი. მუზეუმებში შესაძლებლობა გექნება იხილო მრავალი საუკუნის დაცული ექსპონატები და კოლექციები. 

გარდა აღნიშნული ადგილებისა, ბათუმის ქუჩებში სეირნობა, ბათუმური ყავის, ადგილობრივი და საერთაშორისო კერძების დაგემოვნება საუკეთესო საშუალებაა კულტურის უკეთ შეგრძნებისა და გაცნობისა.

გალერია

13. სკულპტურები ბათუმში ალი და ნინო.jpgპანორამული ბორბალი.jpgევროპის-მოედანი.jpgბათუმი-ევროპის-მოედანი.jpgევროპის მოედანი 1.jpg1. პანორამული ბორბალი.jpgანბანის კოშკი 3.jpgბოტანიკური-1.jpgბოტანიკური 6.jpgბოტანიკური 3.jpgძმები ნობელების ტექნოლოგიური მუზეუმი (18).jpgძმები ნობელების ტექნოლოგიური მუზეუმი (12).jpgაჭარული ხაჭაპური_2.jpg

გაზიარება