საქმიანი ტურიზმი

კურორტი „გომარდული“

აჭარის 50 კმ-იან შავიზღვისპირა სანაპირო ზოლზე არაერთი ცნობილი კურორტია, სადაც ზაფხულობით ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან უამრავი დამსვენებელი ჩამოდის

2. იოგა.jpg

აჭარის 50 კმ-იან შავიზღვისპირა სანაპირო ზოლზე არაერთი ცნობილი კურორტია, სადაც ზაფხულობით ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან უამრავი დამსვენებელი ჩამოდის, თუმცა რეგიონის უმეტესი ნაწილი მთებსა და მაღლობებს უჭირავს. აქაური რელიეფი და კლიმატი შესანიშნავ პირობას ქმნის სამთო-სათხილამურო ტურიზმისთვის დამახასიათებელი აქტივობებისთვის.

გომარდული ანუ „მწყემსთა ქვეყანა“ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს, აჭარის ულამაზეს მთებში დაკარგული თვალწარმტაცი სოფელია, ხელუხლებელი ბუნებით და სუფთა ჰაერით.
სწორედ აქ, ზღვის დონიდან 1120 მეტრზე, მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტი გომარდული. ის შუახევის ცენტრიდან 8 კილომეტრითაა დაშორებული, ბათუმიდან კი 65 კმ-ით. 

პირველი თოვლი გომარდულში დეკემბერში მოდის და მარტის ბოლომდე გრძელდება. თოვლის საფარის სიმაღლე ხშირად 2 მეტრამდეც აღწევს.
კურორტ გომარდულზე დამსვენებლებს საშუალება ეძლევათ ისარგებლონ 300 მეტრი სიგრძის სასრიალო ტრასით და ხელის საბაგიროთი. 

საჭიროების შემთხვევაში ადგილზე შეძლებთ თხილამურების და სხვადასხვა აქსესუარების დაქირავებას. სათხილამურო ტრასებზე თხილამურებით სრიალის გარდა, მოზრდილებსა და ბავშვებს ასევე შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა თამაშებსა და აქტივობებში. საკურორტო სოფელში ძირითადად პატარა ხის სახლები და საოჯახო ტიპის სასტუმროებია, სადაც ღამისთევასაც შეძლებთ და ადგილობრივ კერძებსაც დააგემოვნებთ, როგორიცაა ბორანო და კაიმაღი. კურორტზე ასევე ფუნქციონირებს 5 საოჯახო ტიპის კეთილმოწყობილი კოტეჯი და ერთი რესტორანი.

სამთო-სათხილამურო სეზონი საქართველოში ზამთრის დადგომასთან ერთად ეტაპობრივად იხსნება. საახალწლო განათებებით მორთული გომარდულის კურორტიც სტუმრებს ცოცხალი მუსიკით, კოცონებით, პოპულარული ბენდების წარმოდგენებით, დიჯეების შოუებითა და სადღესასწაულო ფეიერვერკებით უმასპინძლდება.

ვისაც დასვენება, სხეულისა და სულის გაჯანსაღება სურს მათთვის შესანიშნავი ადგილია კურორტი გომარდული. აქ ასევე არის მედიტაციის და ცეკვის სტუდია, რომელიც მოიცავს კონტაქტურ იმპროვიზაციას, თანამედროვე ცეკვებს, იოგას, ქიკონგს (მედიტაციის სახეობა), ჩაის ცერემონიას და ა.შ. ყოვლისმომცველი სიჩუმე და მშვიდი გარემო, განსაკუთრებულ შესაძლებლობას იძლება სულიერი დასვენებისთვის. კურორტი გომარდული იდეალური ადგილია სიცოცხლის შესაგრძნობად.

გაზიარება