აირჩიე შენი მოსავალი
ბარაქიანი შემოდგომა, აჭარაში განსაკუთრებით მოსავლის მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
ბარაქიანი შემოდგომა, აჭარაში განსაკუთრებით მოსავლის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. თუ თქვენ მოგზაურობასა და დასვენებას სოფლებში ამჯობინებთ, შემოდგომის სეზონზე აჭარის სოფლებზე მრავალფეროვან ადგილებს იშვიათად შეხვდებით. თამამად გაემართეთ სხვადასხვა მარშრუტზე, აირჩიეთ და გეგმეთ თქვენი მოგზაურობა და დაამთხვიეთ სხვადასხვა მოსავლის აღებას. სტუმართმოყვარე აჭარლები გულთბილადაც გიმასპინძლებენ და არც გამოცდილების გაზიარებას დაიშურებენ თქვენთვის.
რთველი აჭარაში
როდესაც საქართველოში მიემგზავრებით, თქვენ უკვე გეცოდინებათ, რომ ეს ქვეყანა მთლიანად ღვინის სამშობლოა, ხოლო დასავლეთ საქართველოს რეგიონებიდან მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთ უძველეს კერას აჭარა წარმოადგენს, სადაც მაღლარი ვენახის გავრცელების ზედა საზღვარი ზღვის დონიდან 1.200 მეტრს აღწევს.
მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობის საგანძურში, ვაზისადმიმ ზრუნველობის, ვენახის გაშენება-მოვლის უძველესი ტრადიციების ჩამოყალიბებაში აჭარას ღირსეული ადგილი უკავია.
აჭარაში მევენახეობას რომ უძველესი დროიდან მისდევენ, ამის საბუთად იმოწმებენ მაღლარი ადგილობრივი ჯიშების დიდი რაოდენობით არსებობას. აჭარის ტერიტორიაზე კი მაღლარი ჯიშები უფრო მრავლადაა წარმოდგენილი, ვიდრე საქართველოს სხვა კუთხეებში.
ეთნოგრაფიული მონაცემებით აჭარაში სულ გამოვლენილია ადგილობრივი და შემოტანილი შავ-წითელი და თეთრი მაღლარი ვაზის 70-მდე ჯიში. ესენია: კოლოშა, ჩხავერი, ხარისთვალა, ცხენიძუძუ, შავშურა, კლარჯული, ხოფათური, საკმიელი, ლივანური, მისკეთი, ქვაბთური, ბურძღლა, ტყისყურძენა, დუდღო, ბოსტნური, ჩიტაყურძენა, ბუტკო, თავკვერი, მეკრენჩხი, თურვანდი, ჭეჭიბერა, ჩხუში, ჭიპაკური, პოვნილი, საწური, ქორქაული, ბროლა, მტევანდიდი, ჭოდი, მათენაური, მელისქუდა, ბათუმურა, აჭარული, საწურავი, ჯავახეთურა, ორჯოხული, ალმურა, თეთრა ადესა (იზაბელა), ტაკიძურა და სხვა.
ზემო აჭარა კი იმ კულტურულ-ისტორიულ არეალში ექცევა, სადაც ველური ვაზის კვალი შორეულ გეოლოგიურ ეპოქაშია საძიებელი. გოდერძის უღელტეხილის მახლობლად, სოფელ ძინძეს ნასოფლარზე (ადიგენის მუნიციპალიტეტი)ვულკანურ ქანებში ნაპოვნია გაქვავებული გიგანტური გარეული ვაზის ღეროს ნაშთი, რომლის ასაკი, გეოლოგების აზრით, 10-15 მილიონ წელს ითვლის.
აჭარაში დღესაც დიდი ყურადღება ექცევა ვაზის ძველი ჯიშების აღდგენა-განვითარებას. განსაკუთრებული ინტერესია ჩხავერის ჯიშის მიმართ, რითაც ქედის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა. აქ დამზადებული ჩხავერისა და ცოლიკაურის ღვინოები დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართველ და უცხოელ მომხმარებელში, ტურისტებში, რომლებიც მრავლად სტუმრობენ აჭარას. ამ მიზანს ემსახურება „აჭარული ღვინის სახლი“, რომელიც ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტების საზღვარზე მდებარეობს. აქ წელიწადში რამდენიმე ათასი ბოთლი „ჩხავერის“ ჩამოსხმა ხდება. ამ საქმეში ემსახურება საოჯახო ღვინის სახლები, რომლებიც გახსნილია ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში (საღორეთი, ვაიო, ვარჯანისი, გეგელიძეები), სადაც ჩხავერთან ერთად ცოლიკაურის ჩამოსხმა და რეალიზაცია ხდება. ღვინის სახლებს ბევრი უცხოელი ტურისტი სტუმარი ჰყავს.
ნარინჯისფერი რთველი - „მანდარინობა“
ნოემბრის ბოლოს აჭარაში ნარინჯისფერი რთველი - „მანდარინობა“ იწყება. თუ მანამდე აქ მყოფი დამსვენებლები ნატრობენ მზიან დღეებს, ამ დროს უკვე მათ ადგილობრივები ანაცვლებენ, რადგან მოსავლის ასაღებად ამინდს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა ხეებს ფოთლები თითქმის გაცვენილი აქვს, სიმწვანეში დამწიფებული ყვითელი მანდარინის ნაყოფი თვალისმომჭრელად და ჯადოსნურად გამოიყურება, გარშემო კი არაჩვეულებრივ სურნელს აფრქვევს, რომელიც თითქმის შემოპარულ ზამთრის სუსხიან ჰაერს ერწყმის და თავბრუს გახვევს.
ციტრუსის კრეფა აჭარაში ნოემბრის შუა რიცხვებიდან იწყება და ერთ თვეს მაინც გრძელდება. ციტრუსის ბაღებს აჭარაში თითქმის ყველა ოჯახში ნახავ, მასპინძლები კი არციმაზე გეტყვიან უარს, თუ ციტრუსის კრეფაში მათ დახმარებას მოისურვებ.
თამბაქოს მოსავლის აღება - თამბაქოს მრეწველობას სამ რეგიონში: აჭარაში, აფხაზეთსა და კახეთში, - კერძოდ, ლაგოდეხში მისდევდნენ. დღეს კი ამათგან თამბაქო მხოლოდ აჭარაში მოჰყავთ და ეს ტრადიცია აქ არც არასოდეს დაურღვევიათ. საუკეთესო თამბაქო ძირითადად აჭარის ორ კუთხეში, შუახევსა და ქედაში მოდის. მამა-პაპის ტრადიციას შთამომავლობაც ერთგულად განაგრძობს. თამბაქოს წლის განმავლობაში ხუთჯერ კრეფენ, ფოთლებს ძაფზე ასხამენ და ყველგან ფენენ, სადაც მზის სხივი ხვდება.
ნადის ტრადიცია - მიწათმოქმედება, იქნება ხვნა-თესვა, ნათესების დამუშავება, მოსავლის აღება-დაბინავება და ასევე სოფლის საქმიანობის სხვა დარგების წარმართვა, ხშირად ერთი ოჯახის მატერიალურ და ფიზიკურ შესაძლებლობებს აღემატება და მეზობლების დახმარებას საჭიროებს. ასეთი ერთობლივი შრომა აჭარაში ნადის სახელითაა ცნობილი.
ნადი ძველი დროიდანვე შრომაში ურთიერთდახმარების საყოველთაოდ გავრცელებული ფორმა იყო, ამ დროს იწვევდნენ არამხოლოდ მეზობლებს, არამედახლო თუ შორეულ ნათესავებს სხვა სოფელბიდანაც კი. ნადი ურთიერთდახმარების თავისუფალ პრინციპზეა აგებული ყოველგვარი საზღაურის გარეშე, მაგრამ მასში მონაწილეობაზე უარის თქმა სირცხვილად ითვლება. ამიტომ თუ აჭარაში მოსავლის აღების დროს იმყოფებით და მასპინძელს დაეხმარები, ამით უძველესი და უკეთილშობილესი ტრადიციის თანამონაწილე გახდები. ბონუსად გეტყვით, რომ აჭარა ნადური სიმღერების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც შენ შრომას გაცილებით მსუბუქსა და სასიამოვნოს გახდის.